სააკაშვილის აზრით, რა მოუტანა ქვეყანას მისმა ჩამოსვლამ | სასამართლო პროცესი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზში პროცესს ესწრება.

მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ რა მოიტანა მისმა ჩამოსვლამ საქართველოში. მიხეილ საკაშვილის თქმით, მისი ჩამოსვლის შემდეგ ხალხი აქტიური და იმედიანია ისე, როგორც არასდროს.

„იძახიან სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა. ადგილობრივ არჩევნებს მარტივად იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის, უპრობლემოდ. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა.

ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ, ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში.

ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე, როგორც არასდროს; ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხი აქტიურია და იმედიანი ისე, როგორც არასდროს.

გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი მომეტებული საფრთხის წყარო და ამიტომ, ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მინდა, გავაკეთო აღიარება,  დიახ, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო. ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? – ოლიგარქ ივანიშვილისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. მის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

ამავე საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.