სააკაშვილის გადაცემაზე მოლაპარაკება დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს - უკრაინელი დეპუტატი

პუბლიკა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ განაცხადა, რომ მოითხოვენ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უკრაინას გადასცენ.

მისი თქმით, ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად მივიდნენ.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა. ამის განხილვას აქ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი.

ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიტიკულ მგომარეობაში არ არის, რადგან უკრაინაში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს, ძალიან შემაშფოთებელი იმის შესახებ, რომ მას სისხლის გადასხმა გაუკეთეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია და ა.შ. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანონ ის სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა კლიმენკომ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს. ამ პროცესს დროს დასჭირდება, ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც უკრაინის ელჩმა გვაცნობა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით. დღეს მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე და წამლების მიღებაზე უარი განაცხადა.