სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინოფრმაციას, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც „პუბლიკასთან“ უწყებაში აცხადებენ, ამ თემაზე არ ყოფილა მოლაპარაკება და არც ახლა მიმდინარეობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ თემაზე მოლაპარაკება არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ სამინისტროში.


დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ კითხვაზე – მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, – განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით. დღეს მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე და წამლების მიღებაზე უარი განაცხადა.