სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს - წულუკიანი ზელენსკიზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს სასჯელის თავიდან ასარიდებლად. მისივე თქმით, სააკაშვილის სიტყვებმა, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტზეც იმოქმედა და ამიტომ „იცავს კრიმინალს“. წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს“, – აცხადებს წულუკიანი.

მინისტრის თქმით, პატიმარი საჭიროებს სასჯელის მოხდას. „პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი“.


1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში“.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს,“ – თქვა მან თვის უკრაინულ მიმართვაში.