მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული გამოხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილამ ტვ „პირველის“ ეთერში შეაფასა.
„ეს გამოხმაურება რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საკუთარ ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ სახელმწიფო აღარ გვაქვს. მმართველი პოლიტიკური ძალა თავს უფლებას აძლევს ასეთ ტონში გააკეთოს განცხადებები თავის ოფიციალურ გვერდზე, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში სახელმწიფოს აღდგენა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ დაბრუნდება.
„ქართული ოცნება“ კი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის ამ მიმართვას ასე გამოეხმაურა – „Miha hamodiii“.
სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას მომავალი გვიჩვენებს.
„მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ მოთამაშედ რჩება და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან სახიფათოა, რომ ის აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება, ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოება ელოდება სწორედ გადამწყვეტ პოლიტიკურ ლიდერობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.