პარლამენტში სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დაინიციირდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დაინიციირდა.

საკითხი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით, ენმ-ის ფრაქციის სახელით ბიუროს წარედგინა.

კომისიის შექმნის საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე პლენარულ სხდომას წარედგინება.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზე მუშაობის პირობითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.

კომისიის შექმნა 50 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაშია შესაძლებელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხარდაჭერა უკვე აქვს.

ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში „ქართული ოცნება“, ჯერჯერობით უცნობია. თავდაპირველად პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭიროს, მოგვიანებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კომისიის მუშაობა უმეტესად დროის კარგვა იქნება.