ენმ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება და ბოიკოტს შეწყვეტს.

ხატია დეკანოიძის თქმით, დღესვე დაარეგისტრირებენ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

მისივე თქმით, ფრაქცია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას და მიზნად ისახავს, ფარდა აეხადოს იმას, თუ როგორ მოექცა სააკაშვილს „რეპრესიული ინსტიტუტი“. ამასთანავე,  მოითხოვენ კომისიაზე სააკაშვილის გამოკითხვასაც.

ფრაქციის თავმჯდომარის ამბობს, რომ ენმ თავისი დღის წესრიგით ბრუნდება.

გარდა ამისა, პარტიას აქვს სტრატეგია, რომელიც გაზაფხულზე პროტესტსაც გულისხმობს.

„ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამენტსა და საკრებულოებში, არამედ ქუჩაში მწვავე საგაზაფხულო პროტესტით, ვიბრძოლებთ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფრაქცია მხარს დაუჭერს პარლამენტში ანტიკორუფციულ კომისიას და ჩაერთვება მის მუშაობაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახალი საპარლამენტო ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიების მიღება მოითხოვა. ფრაქციის წევრები მანდატებზე უარის თქმასაც განიხილავდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ შეცვალეს. სააკაშვილმა დეპუტატებს მიმართა, რომ მოქალაქეებისთვის დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ. გარდა ამისა, სააკაშვილი წერდა, რომ მის თანაპარტიელებს მანდატი ციხეში ვიზიტისთვისაც სჭირდებათ.

ამის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა აღარ მიუღია, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისა (რომელსაც თინა ბოკუჩავა დაესწრო) და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობისა.