ფრაქცია „ლელო“ ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს

პუბლიკა

ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში მათი ფრაქციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რისთვისაც სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, კორუფციის მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავენ და აღნიშნული შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ფრაქციასთან შეიქმნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სწორედ ის, რომ კორუფცია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღეს ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, დაბრუნდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში და მაქსიმალური ყურადღების ცენტრში იყოს პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.