„მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება“, – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, „ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები“.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე დარიგდა ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან დარიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში.

როგორც სააკაშვილი ამბობს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს უარი ათქმევინეს დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ისედაც ყველაფერი აქვთ.

„ჯერ ერთი, თუ აქვთ, ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის იმიტომ,  რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა“. – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ „ასეა თუ ისე, ათასმა კომპლექტმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან ახარებს”.