სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება სამინისტრომ გაასაჩივრა

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სასამართლოში გაასაჩივრეს.

მინისტრის ინფორმაციით, მისმა უწყებამ გუშინ შეიტანა სარჩელი შესაბამის ინსტანციაში.

„ჩვენ არათუ ვგეგმავთ, არამედ გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია, ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა“, – თქვა დღეს მინისტრმა ჟურნალისტებთან.

7 დეკემბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ისუტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი დაარღვიეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.