სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ გაიმართება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გასვლითი სხდომით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო კლინიკა „ვივამედში“ გაიმართება.

დღევანდელი პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00-ზე დაიწყო. მხარეების მოსმენის შემდეგ ჩახნაშვილმა გასვლითი სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე და მხარეები კლინიკაში სხდომათა დარბაზიდან წავიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქალაქო სასამართლოში პროცესებს დიდი ხანია ვერ ესწრება. ის კლინიკაში 11 მაისს გადაიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი უკვე ბრალდებულის ჩვენების მიცემის ეტაპზეა. ვინაიდან დაცვის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია სხდომაზე გამოცხადება, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, პროცესი კლინიკაში გაიმართოს.

„თუ შეძლებს ჩვენების მიცემას, მოგვცემს ჩვენებას, ეს მისი უფლებაა. თვითონ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურს და რამდენიმე სხდომა იდება ამის გამო…ვინაიდან სხდომაზე ვერ ცხადდება, ზოგადი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის დაკონკრეტებული, ტრანსპორტირება არ შეუძლია, მეტყველება არ შეუძლია თუ რა. ამის გამო სასამართლო გადის გასვლით სხდომაზე“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბრალდების მხარის პოზიცია გასვლითი სხდომის გამართვა იყო, დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ჩვენების მიცემას კლინიკაშიც ვერ შეძლებს.