სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმია - თალაკვაძე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ საპროტესტო შიმშილობის დაწყებაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა და  შიმშილობის აქციასაც ამას უკავშირებს.

„აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა.

რასაც ისინი შიმშილობას ეძახიან, სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი. როცა ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ამ ფონზე, ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არ არის ლიდერობა, “- განაცხადა თალაკვაძემ.


გუშინ რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის საპროტესტო აქცია დააანონსა. დღეს პარტიის ოფისთან 9 კარავია გაშლილი და ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი.