სააკაშვილთან ჩემი წარმომადგენლის არშეშვება ომბუდსმენის მანდატის დარღვევაა - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გუშინ ომბუდსმენის წარმომადგენლის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან არ შეშვება, ომბუდსმენის უფლებამოსილებასა და მანდატს არღვევს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ შემთხვევის გამო აპარატი გეგმავს სანქციებს რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს არ მიეცათ შესვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და მანდატის დარღვევას და ჩვენ დაწყებული გვაქვს შესაბამისი პროცედურები. ვიხელმძღვანელებთ ორგანული კანონით და პასუხისმგებელი პირების მიმართ გავატარებთ სანქციებს, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა, “- განაცხადა სახალხო დამცველმა.

გუშინ სახალხო დამცველის რწმუნებულმა საბა ბრაჭულმა განცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში შესვლის და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.