სააკაშვილთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობას არ გვაძლევენ - ბასილაია

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის ავდოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ისევ არ ეძლევათ.

„უაღრესად სამარცხვინო რეგულაცია განაახლეს, გახსოვთ ალბათ მე-12 დაწესებულებაში ადვოკატებს და მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა და გადაკეტილი კარის მიღმა გვიწევდა მასთან კომუნიკაცია. შემდეგ განმარტეს, რომ თუ PCR ტესტით მოვლენ არ იქნება პრობლემაო, მაშინ, როცა ყველა ჯერზე PCR ტესტით მოვდიოდით და შემდგომ ეს პრაქტიკა თითქოს აღმოიფხვრა.

დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარი გადაკეტა, ვსვამთ კითხვას, რატომ არ გვეძლევა პირისპირ კომუნიკაციის საშუალება, მინის მიღმა, მით უმეტეს, ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და საუბრის თავიც ისე, რომ მკაფიოდ ისაუბროს შეხვედრის მანძილზე, საკმაოდ გართულებულია, ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, რასთან დაკავშირებითაც მათ განაცხადეს, რომ ესეთი დავალება აქვთ მიღებული და ამ დავალებას ასრულებენ”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ  სოციალურ ქსელში ღამის 2 საათზე დაპოსტა. მალევე გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ შედიოდა სპეციალური კოლონა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.