ჭიათურელი მაღაროელები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავდა.
20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი კი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC), რომელიც მერაბ სარალიძის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ დღევანდელი განაჩენი მორიგი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „სასამართლო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პრინციპებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ პროტესტის დასჯის მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის ქცეული“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში „არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს“.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული გარემოებები არ შეესაბამება ქმედების კვალიფიკაციას და მოცემულ შემთხვევაში ორგანიზებულ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მერაბ სარალიძე 2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, იგი არც წარმართავდა, არც ხელმძღვანელობდა და არც რაიმე მითითებებს გასცემდა ინციდენტის დროს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს როგორც პროკურატურის, აგრეთვე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ
1) მსჯავრდებულებს არ გადაუკეტავთ გზა დაზარალებულად ცნობილი პირის ავტომობილისთვის. გზა არსებული ბუნებრივი პირობებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო ჩაიხერგა;
2) მსჯავრდებულ მერაბ სარალიძეს რაიმე გავლენა გზის ჩახერგვაზე არ ჰქონია და ადგილზე მყოფი პირებისთვის რაიმე მითითებები არ მიუცია;
3) დაზარალებულად ცნობილი პირისთვის უცნობი იყო, ვინ იძალადა მასზე ფიზიკურად. კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომელსაც პირველი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, აღნიშნა, რომ დაზარალებულმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
4) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ნაწილს არ შეეძლო ბრალდებულების ამოცნობა და მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულის სიახლოვეს არაერთი პირი იყო, მათ შორის უცნობი პირები და პროცესების მიმდინარეობის დრო არ გამორიცხულა ეჭვები უცნობი პირის/პირების მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელების თაობაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეპიზოდს, რომლის გამოც დაკავებულებს მსჯავრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის დაედოთ, ადგილი ჰქონდა ჭიათურაში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის ფარგლებში, რომელიც დღემდე გრძელდება.
გასული წლის თებერვლის ბოლოდან „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა, მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას აღმოჩნდა. მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას ითხოვდნენ.
სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო“, – ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.