სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ზვიადაურის ადვოკატი

პუბლიკა

ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„კანონის სახელით იძალადეს ადამიანზე, რომელიც მართალია. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით. არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პატიმარი. კანონდებლობა იძლევა საფუძველს, რომ ასეთ სიტუაციაში პენიტენციურმა სამსახურმა დართოს ნებართვა და გამოიყვანოს. შესაძლებელია, რომ დაშვებული იქნეს ეს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არც მიგვიმართავს, ახლა დასრულდა პროცესი“, – განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.

ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ სპორტსმენები: ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალში რაც წერია, ასე არ იყო, დანარჩენს ადვოკატები იტყვიან“, – განცხადა სასამართლო პროცესზე ზვიადაურმა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.