სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა.
როგორც ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ „პუბლიკას“ უთხრა, სააპელაციო სასამართლომ თოშხუა და შერვაშიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა.
„გადაწყვეტილების ნაწილი დატოვა უცვლელი, რაც შეეხება სასჯელს, შეამცირა დღევანდელ დღემდე და შესაბამისად, [თოშხუა] გათავისუფლდა დარბაზიდან“, – უთხრა „პუბლიკას“ ადვოკატმა.
1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
დაცვის მხარის პოზიციით, კონფლიქტი პროვოცირებული იყო ბექა გოცირიძის მხრიდან. ფიზიკური შეხება კი, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხრიდან მოხდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ეს ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ.
2025 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა. მან დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა – მათ შორის დაადასტურა რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა ისიც, რომ ჩხუბის დროს – „მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი”.
პროცესზე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ და მიესალმება, თუკი ისინი გირაოთი გათავისუფლდებოდნენ.