სააპელაციოს გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას - მედიაკოალიცია გვარამიას საქმეზე

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

დღეს, 19 ივლისს საააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმის განხილვას იწყებს.

მედიაკოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას.

მათი განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.

„კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.


ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.