„ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლაფ უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს: ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა“, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოსამართლე ასევე ეხმაურება უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო/რაიონული სასამართლოების 20-მდე მოსამართლის გაცხადებებს, სადაც ისინი ემიჯნებიან მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების შინაარსს.
„სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლაფ უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:
ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.
ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება“, – წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.
4 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების განცხადებები. ისინი ემიჯნებიან მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების შინაარსს.
კომიტეტის განცხადებას წინ უძღვოდა საელჩოების და სხვადასხვა ორგანიზაციების კრიტიკული შეაფასებები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე მიღებული გადაწყევტილების გამო, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს. მათი თქმით, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და მოსამართლეები არაკონკურენტულ გარემოში აირჩიეს.
საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხად კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
კომიტეტის წევრები საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ახსენებენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომლის თანახმად, საელჩოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიონ მის საშინაო საქმეებში.
მოსამართლე ქეთავენ მესხიშვილის პოსტს, სადაც ის ემიჯნება კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარს, კომენტარებში მხარს უჭერენ სასამართლო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე; რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი უვადო მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციცინო კვინიკაძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი; ზაზა მარტიაშვილი; გიორგი ებანოიძე; მამუკა წიკლაური; გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე, რომელიც კომენტარში წერს, რომ როგორც რიგითი მოსამართლე, მადლიერია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომისა და მხარდაჭერის.
31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.
მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.