„საარჩევნო კოდექსი“ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიცავს, თუმცა რჩება ხარვეზებიც - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება.

აშშ-ის საელჩო პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას ულოცავს და წერს, რომ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე.

საელჩოს განცხადებით, მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

თუმცა, ასევე რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მათ შორის ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ მიმართულ ზომებში.

განცხადება ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ | Statement on the Passage of…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 02 ივლისი, 2020

„ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე.

დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას“, – წერს ამერიკის საელჩო.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. კანონპროექტს 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი წავიდა.