საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიპოვეთ - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვეს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ წყარომ, ანონიმურობის დაცვის გარანტიით მიაწოდა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ. საგულისხმოა, რომ ქეთევან ჭიპაშვილი ამავდროულად ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობს.

„მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურსცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია სახელწოდებით „ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები,   რომლებიც   აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში)”. აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული. საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც „სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო ადინისტრაციაში საჩივარი წარადგინა.

ორგანიზაციისთვის უცნობია, ვისი მითითებით მოხდა  სიის შედგენა და რა ფორმით იყვნენ სკოლის დირექტორები/მოადგილეები საარჩევნო პროცესებში ჩართული, თუმცა მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. აღნიშნული ასევე წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების  წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„სამართლიანი არჩევნები” უკვე მრავალი წელია, საუბრობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო პერიოდში. აღნიშნული დაწესებულებების პერსონალი ხშირად მიიჩნევა მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად, უფრო მეტიც, მმართველი პარტიის მიერ აქტიურად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის  არანებაყოფლობითი და იძულებითი ფორმით.

„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში ეწინააღმდეგება როგორც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ წესებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების მხრივ, ასევე არღვევს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს  საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე  გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია განცხადებაში.