„წინასაარჩევნო კონტექსტში ნარკოპოლიტიკის საკითხი ფაქტობრივად იგნორირებულია და მასზე საჯარო დისკუსიები გამონაკლის შემთხვევებში თუ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო პროგრამებსა და ხედვებში კი ეს თემა მეტად ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი”, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრი (EMC) ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარტიების ხედვებს აფასებს, რომელიც ეფუძნება როგორც მედიაში გავრცელებულ კომენტარებს, ასევე რიგი პარტიების საარჩევნო პროგრამებს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ პარტიების ნაწილს საარჩევნო პროგრამებში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ფრაგმენტულად აქვთ წარმოდგენილი, ნაწილს კი, მათ შორის – მმართველ პარტიას, ეს საკითხი საერთოდ იგნორირებული აქვს.
შესაბამისად, სიღრმისეულად ვერ შეფასდება საარჩევნო სუბიექტთა სამომავლო ხედვები, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ მიღწეული ერთობლივი შეთანხმება არაფერს ამბობს ნარკოპოლიტიკაზე.
ნარკოპოლიტიკის საკითხი პარტიათა ნაწილში მხოლოდ ვიწრო სისხლისსამართლებრივ ჭრილში განიხილება, რაც ვერ პასუხობს მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს. საარჩევნო სუბიექტთა ნაწილისთვის კი, კანონმდებლობის რეფორმირებასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ნარკოდამოკიდებულთათვის სოციალური, ჯანდაცვის, ზიანის შემცირების სერვისების ხელმისაწვოდომობა, თუმცა, რამდენად აქვთ საარჩევნო სუბიექტებს მზაობა ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების თაობაზე, საარჩევნო პროგრამების ზოგადი შინაარსის გათვალისწინებით, რთული სათქმელია.
როგორც წესი, პარტიების ყურადღების მიღმა რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა – სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევის მექანიზმი, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს განსაზღვრის წესი, იძულებითი ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა, სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული პროგრამები. განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს მმართველი პარტიის მხრიდან საკითხის აბსოლუტური იგნორირება იმ ფონზე, რომ „ქართული ოცნებისგან“ გასულ წლებში არაერთხელ გაიცა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე დაპირებები”, – წერს EMC.
EMC წერს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა წლების განმავლობაში წარმოადგენდა ადამიანის უფლებების შელახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სამართალდამცავი სისტემის ხელში. იმ ფონზე, რომ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა ამ დრომდე არ განხორციელებულა, ის კვლავაც არაერთი მიმართულებით ქმნის ძალის გადამეტების, უსამართლო სანქციების შეფარდების და მოქალაქეებზე კონტროლის რისკებს. ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ და უსამართლო ბუნებას შემდეგი გარემოებები განაპირობებს:
- „ნარკოტიკული საშუალებების განმეორებითი მოხმარება სისხლისსამართლებრივად დასჯადია;
- ნარკოტიკულ საშუალებათა უმრავლესობის ოდენობები არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, რაც უსამართლოდ მაღალი სასჯელების შეფარდებას იწვევს;
- ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენს სასჯელის მოხდის შემდეგაც, წლობით ეზღუდება რიგი სამოქალაქო უფლებები;
- იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან ღირსებისშემლახავი პრაქტიკით;
- ქვეყანაში არ მოქმედებს ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლებისთვის ეფექტიანი სოციალური, სამედიცინო სერვისები და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა”, – წერს EMC.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე;