„საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში" - ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის

პუბლიკა

გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა იწყებენ პროექტს „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთ იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად ცხოვრობს საქართველოს ბევრი მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ მინიმუმ 50 ემიგრანტს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო უბნის გახსნა, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. არსებული მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა, უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დასაწყებად.

ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც დაეხმარება პროექტის ჯგუფს მათთან კომუნიკაციაში, ან დაგვიკავშირდნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ან „დროას“ ფეისბუქგვერდებზე.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევნების შედეგების განსაზღვრის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში.