ვენეციის სასამართლოს განჩინების გამო გაუქმდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის, „ანტიკვარიატის“ ჩვენება, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ პროგრამაში უნდა ეჩვენებინათ.
ავტორის თქმით, ფილმი ამხელს პუტინის რეჟიმს და მის პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი“ წარდგენილი იქნებოდა ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori).
თუმცა დაგეგმილ ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება 28 აგვისტოს ჩვენების გაუქმების შესახებ. მიზეზი ვენეციის სასამართლოს საგანგებო განჩინებაა, რომელიც ფილმის სცენარის საავტორო უფლებების შესახებ დაწყებულ დავას ეხება.
პროგრამის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ცხადად არ კრძალავს ფილმის ჩვენებას, თუმცა ამ დროისთვის ვენეციის ბიენალესთან შეთანხმებით, ჩვენებას შეაჩერებს.
„ვენეციის სასამართლოს საგანგებო განკარგულებამ, რომელიც მოიპოვეს კომპანიებმა Viva Film (რუსეთი), Avantura Film (ხორვატია) და Pygmalion (კვიპროსი), ფილმის სცენარზე საავტორო უფლებების დავის შესახებ, გვიბიძგა, ამ დროისთვის, ბიენალესთან შეთანხმებით, შევაჩეროთ 28 აგვისტოს პრესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ჩვენება“, – წერს ფესტივალის დამოუკიდებელი პროგრამა Giornate degli Autori.
Giornate degli Autori ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამის „მთავარი მოვალეობა საავტორო უფლებების დაცვაა, შესაბამისად, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის დაცვაც, რომელიც ვენეციაში იმყოფება“. ვენეციის სასამართლოს გადაწყვეტილება კი სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული.
„რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, კანონის დასაცავად და რეჟისორის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რათა მხარი დავუჭიროთ თავად ნაწარმოების არსებობას და ვენეციაში მის გამოჩენას მომდევნო დღეების განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთმა მომჩივანმა კომპანია Avantura Film-მა (ხორვატია) „პუბლიკას“ სასამართლოს განჩინება მიაწოდა, რომელშიც მოსამართლე დასაბუთებულად მიიჩნევს ფილმის სცენარის საავტორო უფლებაზე გამოთქმულ პრეტენზიას. გადაწყვეტილების მორიგი განხილვა 6 ნოემბერს არის დანიშნული.
Avantura Film აცხადებს, რომ „ანტიკვარიატის“ ნებისმიერი სახით გაყიდვა და დისტრიბუცია არალეგალურია, რადგან მას არ აქვს სრული თანხმობა ფილმის თანამწარმოებელი თითოეული კომპანიის მხრიდან.
„წარმოების დასაწყისში „ევრიმაჟმა“ შეწყვიტა მხარდაჭერა, რადგან ბატონმა ზურაბ მაღალაშვილმა (შპს Cinetech) ვერ შეძლო მოთხოვნილი გამჭვირვალე დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საჭირო იყო [ევრიმაჟის] მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამ ნორმების შეუსრულებლობა ნათელს ჰფენს საკითხებს, რომლებიც შპს Cinetech-ის მიერ პროექტის მართვას უკავშირდება.
სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას, მან დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა (საქართველო), ზურაბ მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, არამარტო ვერ დაიცვა კოპროდუქციის ხელშეკრულების პირობები, არამედ დაარღვია „ანტიკვარიატის“ სცენარის საავტორო უფლებები. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა კოპროდიუსერებს უკანონოდ შეუზღუდა წვდომა ფილმის მასალებზე და განაგრძო ფილმის ექსპლუატაცია სათანადო ნებართვის გარეშე. ეს ქმედებები ნდობისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევაა“, – ვკითხულობთ კომპანია Avantura Film-ის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში.
„არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს კინოცენტრი“
Avantura Film ასევე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოპროდიუსერებმა არაერთხელ მიმართეს ელფოსტით საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დროებით მმართველს, კობა ხუბუნაიას, ასევე კულტურის სამინისტროს „Cinetech-ის გადაცდომებისა და საქმიანობების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპული და საერთაშორისო კოპროდუქციების ნორმებსა და სტანდარტებს“.
„სრული ინფორმაციის მიწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს კინოცენტრმა არა მხოლოდ უგულებელყო ეს მოთხოვნები ევროპული კოპროდუქციის სტანდარტების დაცვის შესახებ, არამედ მხარი დაუჭირა შპს Cinetech-ის მიერ ფილმის უნებართვო ექსპლუატაციას“.
კომპანია აღნიშნავს, რომ ეს განჩინება, კარგი შეხსენებაა ინდუსტრიის ყველა მოთამაშისთვის.
„დამოწმების გარეშე, ქართული კომპანია Cinetech, რომლის დირექტორიც ზურაბ მაღალაშვილია, საშიშ პრეცედენტს შექმნიდა საერთაშორისო კინოსაზოგადოებაში, ეს ძირს გამოუთხრიდა თანამშრომლობის სულისკვეთებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული კოპროდუქციებისთვის“, – აღნიშნავს კომპანია.
„პუბლიკა“ რეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს დაუკავშირდა, რათა სასამართლოს განჩინების შესახებ მისი პოზიცია გაეგო. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით“, – წერს კინოცენტრი ფილმის შესახებ.
მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი.
აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრმა EUROPEAN SHOOTING STARS-ზე სალომე დემურია წარადგინა, ჟიურიმ კი სალომე დემურია სწორედ „ანტიკვარიატში“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.
19 დეკემბერს კი მსახიობმა თაკი მუმლაძემ დაწერა, რომ 2024 წელს „ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე“ საქართველოს წარმომადგენელი თავად უნდა ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ თავისი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა და Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.
„ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ უკვე ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო“, – წერდა თაკი მუმლაძე.