პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესზე საბა ჯიქიამ საბოლოო სიტყვა თქვა, რომლის წერილობით ვერსიას „პუბლიკა“ გაგაცნობთ:
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.
მეგობრებო ცოტა მარტივი ნათქვამია, უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.
ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი.
მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება…
პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 სთ ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.
თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ.
მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანასა და დიქტატურაში გაიზარდონ. ამიტომ რითიც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე.
19 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მე არ დავნებდები.
დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრუდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ თუმცა ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, დიდი ოჯახი შევძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის მექნება მაგარი ისტორიები მოსაყოლი, მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, – თქვა საბა ჯიქიამ.
საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.
საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.