აქციების დროს დაკავებული 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე დღეს სასამართლოში გამომძიებლები დაიკითხნენ.
როგორც გამომძიებელ ეკატერინე მთივლიშვილის ჩვენებით ირკვევა, საბა ჯიქიას წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეომასალაც სოციალურ ქსელში ნახეს.
„პირველი სამმართველოს გამომძიებლის ირინე თევზაძის მიერ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა ვიდეომასალა, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცი ფეხს ურტყამს მუცლის არეში ძირს წაქცეულ სპეცრაზმის თანამშრომელს. განხორციელდა აღნიშნული ვიდეომასალის დათვალიერება და გაგზავნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ამ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით“, – განაცხადა მან პროცესზე.
მისივე თქმით, ვიდეოზე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც, რომლის დასკვნაც დევს საქმეში.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ლევან ქარჩავამ კი განაცხადა, რომ თავდაპირველად მან ამოიცნო, რომ ვიდეოში ასახული პირი საბა ჯიქია იყო.
„…[სამსახურებრივ ფოსტაზე] მიბმული იყო ვიდეოფაილი, რომელშიც მე ამოვიცანი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც არის ზუგდიდის რაიონ სოფელ ახალ აბასთუმანში რეგისტრირებული საბა ჯიქია, რის შესახებაც პატაკით ვაცნობე ხელმძღვანელს“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, თუ როგორ გაარჩია, რომ ვიდეოში ასახული პიროვნება საბა ჯიქია იყო, აღნიშნა, რომ წარსულში მასთან სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა:
„დიახ, საბა ჯიქიასთან მქონდა სამსახურებრივი შემხებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მანამდე მქონდა ფოტოსურათის საშუალებით მისი იდენტიფიცირება მოხდენილი“.
მისივე განმარტებით, საუბარია „1-2 წლის წინ“ ქუჩაში გადამოწმებით მიზნით შეჩერებისას გადაღებულ ფოტოზე.
„პირადობის მოწმობა თან არ გააჩნდა [საუბარია 1-2 წლის წინანდელ ამბავზე], მეც მისი თანხმობით გადავუღე ფოტოსურათი, რომლის მეშვეობითაც სპეციალური ბაზის მეშვეობით ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია, საიდანაც მოვახდინე მისი იდენტიფიკაცია და შესაბამისი მონაცემები გავუშვი ბაზაში“, – განაცხადა გამომძიებელმა.
მოსამართლის შეკითხვაზე პასუხად მან კვლავ აღნიშნა, რომ იცნო საბა ჯიქია:
„ვიდეოფაილი იყო მიბმული, სადაც ჩანდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც, როგორც მახსოვს გადამღებისკენ გამორბის და სახე ჩანდა აშკარად და ვიცანი“.
2006 წელს დაბადებულ საბა ჯიქიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა.