„საბანკო ანგარიშებიდან მოპარული 72 500 ლარი" | კიბერდანაშაულის საქმეზე არასრულწლოვანი ამხილეს, 3 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კიბერდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, 1 არასრულწლოვანი კი ამხილა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ფარულად დაეუფლნენ 72 500 ლარს.

1991 წელს, 1996 წელსა და 1995 წელს დაბადებულ 3 პირს ბრალი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის მუხლით ედებათ. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

იგი ინტერნეტმომხმარებელს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.

აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.

ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს – ო. ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.

ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.