საბჭო რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს - NGO -ების განცხადება რუსთავში სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე

პუბლიკა

განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელიც საბჭომ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებით მიიღო.

2020 წლის 15 მაის ავტორიზაციის საბჭომ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე მასაწვლებელი დარჩა უმუშავერი, ხოლო 227 ბავშვს სხვა სკოლის მოძებნა მოუწევს.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ერთობლივი განცხადებაში წერია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი უნდა იყოს სასკოლო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება. ეს  გადაწყვეტილება კი ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად. ორგანიზაციების შეფასებით საბჭო რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არ ემსახურება საზოგადოების ინტერესს.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერება 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, როცა ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სკოლა ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

„ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკურ ზეწოლად.“  – ნაქვამია განცხადებაში.

განცხადების ტექსტს გთავაზობთ სრულად

2020 წლის 15 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს.ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს კანონით დადგენილ ვადებში გადაწყვეტილება გაასაჩივროს   სააპელაციო საბჭოში. სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შეისწავლონ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე მასწავლებელი დარჩა უმუშევარი, ხოლო 227 ბავშვს სხვა სკოლის მოძებნა მოუწევს.

ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო  ექსპერტთა დასკვნა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთი ხარვეზების ჩამონათვალს, როგორცაა,  შემაჯამებელი სამუშაოების ნაკლებობა დაწყებით საფეხურზე, კარიერის დაგეგმვის პროგრამის არასათანადო დანერგვა, წინასწარი შეთანხმების გარეშე მშობლის გაკვეთილზე დასწრება, ყველა სართულზე სკოლაში საპირფარეშოს არ არსებობა და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა დასკვნაში ჩამოყალიბებული ხარვეზების ჩამონათვალი: (ა) გამოსწორებადია და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და არ შეიძლება იქცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად; (ბ) ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტთა დასკვნაში მითითებული ხარვეზები კანონმდებლობის არაადეკვატურ ინტერპრეტაციას ეფუძნება; (გ) სკოლა ვერ შეძლებდა ხარვეზების გამოსწორებას სურვილის შემთხვევაშიც, რადგან ავტორიზაციის გაუქმების პროცესი დაემთვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას. აქვე განვმარტავთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს არა ერთი სკოლისთვის მინიჭებული ან გაგრძელებული აქვს ავტორიზაცია, მსგავსი და კიდევ უფრო პრობლემატური ხარვეზების პირობებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერება მიგვაჩნია 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შაჰინის სკოლა ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკურ ზეწოლად.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიგვაჩნია:

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი არის (უნდა იყოს) სასკოლო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება. ნათელია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად, ის რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
  2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არ ემსახურება საზოგადოების ინტერესს. სკოლაში დასაქმებული 70-მდე მასწავლებელი რჩება უმუშევარი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ლიცეუმის 200-მდე მოსწავლე იძულებულია სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლაში;
  3. სკოლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის განათლების სფეროში ინვესტირებისა და კერძო სექტორის წახალისებისა და განვითარების პოზიტიურ პროცესს, ისევე, როგორც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს სერიოზულ ჩრდილს აყენებს;
  4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო წარმოადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტს. სწორედ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დგას საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი და როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. მსგავსი დემოკრატიული ინსტიტუტების ავტორიტეტის შელახვა მნიშვნელოვნად აზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს;
  5. დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, წარმოადგენს დამცავ მექანიზმს, მათ შორის – მთავრობისთვის – საერთაშორისო ურთიერთობებში. დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებითა თუ ავტორიტეტის შერყევით, მნიშვნელოვანი ბერკეტი ეცლება საქართველოს და მის მთავრობას, მათ შორის – საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ იზრუნოს ამ ინსტიტუციის რეფორმირებაზე, დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე დაინტერესებულ მხარეებთან ერთად;
  6. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებული საკითხი სცდება ერთი კონკრეტული სკოლისა და განათლების სფეროს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და დემოკრატიული განვითარების საკითხს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია ავტორიზაციის საბჭოს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, შესაქმნელად;
  7. შაჰინისა და დემირელის სკოლებთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამჟამად კი შოთა რუსთაველი სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციასთან დაკაშირებულმა საკითხებმა შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოები არ წარმოადგენენ განათლების ხარისხზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, არამედ ქმნიან სახელმწიფოს ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტს. შესაბამისად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ამოცანად გვესახება ამ სადამსჯელო ინსტიტუციის შეცვლა და მისი ჩანაცვლება განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტით;

საქართველოს მოქალაქეების ხარისხიანი განათლება, არჩევანის თავისუფლება, დემოკრატიული ინტიტუტების შექმნა და განვითარება ჩვენთვის უმაღლესი ღორებულება და მიზანია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოების ფართო სპექტრს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში და, ამავე დროს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს