კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრ „რუსთაველზე“ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე მფლობელს უარი ეთქვა. დოკუმენტის მიხედვით, კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
„სასურველია მაქსიმალურად შესწავლილი და გაანალიზებული იქნას სევეროვის თავდაპირველი პროექტი და მასზე დაყრდნობით შესაძლებლად მიმაჩნია შემდგომ წლებში გადაგვარებული სივრცეების შეცვლა, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ შენობაში (როგორც ყოველთვის იყო) წამყვან ობიექტად, როგორც არქიტექტურულად ისე შინაარსობრივად უნდა დარჩეს კონო-თეატრი რუსთაველი. რაც შეეხება დაშენებას შესაძლებლად მიმაჩნია იმ შემთხვევაში თუ ის არ დაარღვევს შენობის პროპორციებს, პირიქით ხაზს გაუსვამს მის არაჩვეულებრივ არქიტექტურას და მაქსიმალურად მიუახლოვდება ოქროს კვეთებს. პროექტის შესაფასებლად წარმოადგინეთ შიდა გეგმარების დეტალური გადაწყვეტები. სახურავზე ქანდაკებების რეპლიკა დასაფიქრებელია“, – აღნიშნავს კომისიის ერთ-ერთი წევრი დოკუმენტში.
21 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ კინოთეატრ „რუსთაველში“ „უკანონოდ დაწყებული სამუშაოების გამო“ კომპანიას 4 ათასი ლარით დააჯარიმებდა.
ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით განაცხადი არქიტექტურის სამსახურში 11 ნოემბერს შევიდა. პროექტი ითვალისწინებდა როგორც ვიზუალურ, ასევე ფუნქციურ ცვლილებებსაც.
რეაბილიტაციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის ფუნქციები ასე უნდა გადანაწილებულიყო:
-1 სართული – კინოდარბაზი (104 ადამიანზე), მისი ვესტიბიული, სველი წერტილები, შენობის საინჟინრო და დამხმარე ფართები;
0 სართული – ცენტრალური კინოდარბაზი (ატრიუმში 165-170 ადამიანზე), ვესტიბიულში – კინომუზეუმი, კინობიბლიოთეკა კაფეს ფუნქციით და კინოდარბაზის წინ არსებული მცირე რესტორანი. ასევე სასტუმროს მიმღები და დამხმარე ფართები.
1; 2; 3; 4; 5 სართული – სასტუმროს 98 ნომერი და სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართები, ერთი გამონაკლისით – მე-4 სართულზე დამატებული იქნება კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასა.