საბერძნეთის ციხეში საქართველოს ერთმა მოქალაქემ მეორე მოკლა - საელჩო

პუბლიკა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად კი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე დაიღუპა.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.

ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს“, – აცხადებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

საელჩოს განცხადებით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან  და გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარებიან.