„საბურთალოს კლასტერის“ ყველა კონტაქტი მოძიებულია და კარანტინშია გადაყვანილი - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საბურთალოს კლასტერის პირველწყაროს ბევრი კონტაქტი ჰყავს, მაგრამ ყველა მათგანი მოძიებულია, ყველა კარანტინშია გადაყვანილი და მათ თანდათან იკვლევენ.

„კვლევის ჩატარებას აზრი აქვს, როდესაც, 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდში გამოვლინდება დაავადება სხვადასხვა სიმპტომით, ეს იქნება: ხველა, ტემპერატურა თუ სუნქთქვის უკმარისობა, მაშინვე ჩატარდება ამ პირების გამოკვლევა, თუ არადა გამოკვლევა მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლოს, რათა სწორად შეფასდეს პაციენტების ინფიცირების ხარისხი. კვლევა ჩატარდება, როგორც PCR, ასევე სევროლოგიური მეთოდით. ამ ორივე მეთოდით ჩვენ ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ გამოგვეპარება რომელიმე ინფიცირებული და გახდება წყარო”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ვირუსის გავრცელება ჯანდაცვის სისტემას კონტროლქვეშ აქვს მოქცეული და ამ მხრივ საგანგაშო არაფერია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა (ჯამში 796) დადასტურდა. ეზუგბაიას თქმით, ისინი მარნეულის სოფელ მარეთს უკავშირდება.