საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

„სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას შოვში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და მუშაობს 2 ვერტმფრენი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089