საჭიროა მორატორიუმი და საჯარო განხილვა - ნაცვლიშვილი ნამახვანჰესზე მინისტრებს

პუბლიკა

დღეს, 21 დეკემბერს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომას, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ესწრებოდა ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც მთავრობის წევრებს ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე საჯარო დისკუსიისა და მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

„მე-60 დღეა, ადამიანები არიან კარვებში, სოფელ ჟონეთში და მოითხოვენ ამ მშენებლობის შეჩერებას. იმდენად გაუმჭირვალეა ვითარება, რომ იმ ადამიანებსაც პასუხს არავინ არ სცემს. ამიტომ მოითხოვენ ისინი, დიდი ხანია, საჯარო განხილვას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესის გარშემო არსებული კითხვები ძალიან დიდ ეჭვს იწვევს როგორც მთლიან ენერგოპოლიტიკასთან, ასევე მთლიანად ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

„ასეთი მეგაპროექტები, რომელიც არ ხორციელდება სრულფასოვანი დოკუმენტაციის საფუძველზე, იწვევს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს რაღაც კორუფციულ გარიგებასთან ან საჯარო მოხელის დაუდევარ გადაწყვეტილებასთან, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიის უამრავი წყარო არსებობს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სხდომაზე ყოფილმა დეპუტატმა მინისტრებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს თხოვნით მიმართა, რომ გამოცხადდეს ნამახვანისა და ონის ჰესების პროექტების განხორციელებაზე მორატორიუმი, სანამ საზოგადოებას არ ექნება ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები და საჯაროდ განიხილონ ეს თემა.

ეკონომიკის მინისტრმა,ნათია თურნავამ ბექა ნაცვლიშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ, როდესაც ასეთი დიდი პროექტები ხორციელდება, მას აქვს თავისი ზეგავლენა გარემოზე, რასაც ძალიან სკულპულოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ინვესტორმაც უკვე ძალიან ბევრი გააკეთა.

„ამაზე მუშაობს კომპანია, მაგრამ, ბუნებრივია, შეიძლება ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორთან და მოვუწოდებთ, რომ უფრო მეტად მოგვაწოდოს განმარტებები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ყველა რისკი აცილებული. ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად კანონმდებლობასთან შესაბამისადაა გაცემული ნებართვა, ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ნაცვლიშვილის შეკითხვას, არის თუ არა მზად ეკონომიკის მინისტრი საიმისოდ, რომ კონკრეტულად ნამახვანის ჰესის შესახებ გაიმართოს პარლამენტში  საჯარო მოსმენა, თურნავა პასუხობს: „ნებისმიერი დისკუსიისთვის ვართ მზად, თუ მიიჩნევენ კომიტეტები, რომ საჭიროა ამაზე ცალკე მოსმენა,რა თქმა უნდა ვესტუმრები“.


ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს მოქალაქეთა ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან „მწვანეები“, დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები, ეკოლოგიასა და გარემოსდაცვაზე მომუშავე სპეციალისტები:

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს მორატორიუმი ნამოხვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე, მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ ჰესების ეკონომიკური, სოციალური, ისტორიულ კულტურული და გარემოსდაცვითი მიზანშეწონილობის საკითხზე საჯარო მსჯელობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილ იქნას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების განახლებული სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ (ნებისმიერ) კონსტიტუციურ უფლებას, რათა ზემოთაღნისნული პროექტები არ განხორციელდეს“, – ამბობს მოქალაქეთა ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“.