სადაზღვეო კომპანიების ოჯახის ექიმები ვირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსის მართვაში სადაზღვეო სექტორის ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან.

„სადაზღვეოს ოჯახის ექიმები დღეიდან ჩაერთვებიან COVID-ის მართვაში, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს აქვს და ყველა იმ ოჯახის ექიმს, ვინც ამ ოჯახის პროგრამაშია ჩართული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ მოქალაქე, რომელიც მიმართავს იმ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს, სადაც დაზღვეულია, ექიმი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით  გადაწყვეტს, მოქალაქე გადაიყვანონ საავადმყოფოში, სასტუმროს ტიპის კარანტინში თუ დარჩეს სახლში. თუკი პაციენტი სახლში დარჩება, ექიმი პროტოკოლის შესაბამისად მართავს მის ავადმყოფობას.

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახის ექიმზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.

„100-მდეა ოჯახის ექიმების რაოდენობა, რომლებიც 112-ის გავლით დღესდღეობით ემსახურება მოსახლეობას. მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედია (600 000) დაზღვეული კერძო კომპანიებში. ლოგიკურად ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ამ ავადობის მაჩვენებლით, 30-მდე ოჯახის ექიმი საკმარისი იქნება. თუ არ იქნება საკმარისი, მერე დაემატება“, – ამბობს ხეჩინაშვილი.