ჯანდაცვის სისტემის მზაობა ციფრებში და კერძო სექტორის მონაწილეობა

სალომე გორგოძე
  • მომავალი კვირიდან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე მათთან დაზღვეული პაციენტების მართვასა და ტრიაჟში ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახის ექიმზე.

  • ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით ქვეყანაში 17 400-ზე მეტი საწოლია. ამათგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საავადმყოფოებში – დაახლოებით 1500-მდე. მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის – 2 290 საწოლი. მობილიზებულია 1253 სასუნქი აპარატი.

  • ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. 1672 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში. ქვეყანაში 341 მძიმე პაციენტია. 75 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

     

რა რესურსები აქვს ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის სამართავად? კორონავირუსის ყოველდღიური მზარდი დადასტურებული შემთხვევების კვალდაკვალ, რამდენი კლინიკა, საწოლი, სასუნთქი აპარატი და ექიმია მობილიზებული პანდემიის სამართავად? რა რესურსის მობილიზებაა შესაძლებელი კერძო სექტორიდან?

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ გასულ პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მართვასა და ტრიაჟში ჩაერთვებიან. რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე რომელიც მიმართავს იმ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს, სადაც დაზღვეულია, ექიმი შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით  გადაწყვეტს, მოქალაქე გადაიყვანონ საავადმყოფოში, სასტუმროს ტიპის კარანტინში თუ დარჩეს სახლში.

თუკი პაციენტი სახლში დარჩება, ექიმი პროტოკოლის შესაბამისად მართავს მის ავადმყოფობას. დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დაზუსტდება პროტოკოლები და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან კერძო კომპანიებში დაზღვეულებს, მათი ოჯახის ექიმები გაუწევენ მომსახურებას. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახის ექიმზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.

„100-მდეა ოჯახის ექიმების რაოდენობა, რომლებიც 112-ის გავლით დღესდღეობით ემსახურება მოსახლეობას. მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედია (600 000) დაზღვეული კერძო კომპანიებში. ლოგიკურად ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ამ ავადობის მაჩვენებლით, 30-მდე ოჯახის ექიმი საკმარისი იქნება. თუ არ იქნება საკმარისი, მერე დაემატება“, – ამბობს ხეჩინაშვილი.

„როდესაც პანდემიაა ეს ნორმალური პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყნაში, მიუხედავად იმისა, რა ტიპის კლინიკაა, კერძო თუ სახელმწიფო, უნდა მოახდინოს მობილიზება, როგორც საწოლების, ისე პერსონალის“, – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და განმარტავს, რომ, „ამ შემთხვევაში, როგორც პანდემიის დასაწყისშივე იყო, პრაქტიკულად იკრძალება და არ ანაზღაურდება (ნორმატიულადაც შესაძლებელია, რომ ეს აიკრძალოს) გეგმიური ავადმყოფების მიღება, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად თავისუფლდება საწოლები. რა თქმა უნდა, გადაუდებელ შემთხვევებს ვერაფერს მოვუხერხებთ. კოვიდი არის თუ არა არის – ინფარქტი, ინსულტი, ტრამვა და ა.შ. ზოგიერთი შემთხვევა საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ გადაუდებელი შემთხვევები საჭიროებისამებრ იმართოს, გარკვეული პროცენტი საწოლების, მათ შორის ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციული საწოლები, შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებული რეზერვში უნდა იყოს ამგვარი პაციენტების მიღებისთვის კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად“.

ზოიძე განმარტავს, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო ითვლის კონკრეტული მოდელირების მიხედვით. კერძოდ, მისი განმარტებით საუბარია ორ მოდელზე: პირველი –  დღიურად დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, მეორე – სიკვდილობის მიხედვით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება, 1-2 თვის განმავლობაში რა სურათი შეიძლება იყოს ინფიცირებულების კუთხით და, შესაბამისად, სავარაუდოდ, რამდენი იქნება იმ ადამიანის რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. რამდენს დასჭირდება მათგან ინტენსიური თერაპია, სასუნთქი აპარატი.

ის მიიჩნევს, რომ საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია, ყოველდღიური ოპერატიული მართვის რეჟიმში უნდა იყოს სისტემა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ზუსტი მონაცემთა ბაზა, თუ რამდენი საწოლი  ან სასუნთქი აპარატია თავისუფელი და ა.შ: „კერძო სექტორთან უნდა იყოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ყოველდღიურ ოპერატიულ რეჟიმში ისინიც მზად იყვნენ იმისათვის, რომ აამოქმედებონ თავინთი საგანგებო მდგომარეობის გეგმები, რომელიც ყველა შემთხვევაში მზად უნდა ჰქონოდათ და ამ ექვსი თვის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ.“

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 14 400 საწოლია. ამათგან დაახლოებით 1 500 არის  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საავადმყოფოებში. ითვლება, რომ მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მათი ნახევარი შეიძლება გამოყოფილი იყოს უშუალოდ კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის. თუმცა, მისივე განმარტებით, კორონავირუსამდეც, გეგმიური დატვირთვის პიროებებშიც, მათი 50-60%-ზე მეტი არ ყოფილა დატვირთული. ამბობს, რომ 7 000 საწოლი ყოველთვის იყო თავისუფალი სისტემაში მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც შექმნილ სიტუაციაში ძალიან გამოგვადგა.

 „დადასტურებული შემთხვევებიდან დაახლოებით მხოლოდ 20%-ს სჭირდება ჰოსპიტლური მკურნალობა. დანარჩენი ბინაზე უნდა იმართოს, ან კოვიდასასტუმროში, თუ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს. ამ 20%-დან ყველას არ სჭირდება ინტენსიური თერაპია, ვინტილატორები და რეანიმაციული ღონისძიებები. ასეთი მათ შორის სულ 1-2%-ია. მაგალითისთვის, დღეში 1000 შემთხვევიდან, 10-15 ადამიანს სჭირდება ინტენსიური თერაპია.

სწორედ ამ პრინციპით მოდელირდება, რას შეიძლება ველოდოთ მომდევნო 2 თვის განმავლობაში და ამის მიხედვით ყოველდღიურად უნდა გაკონტროლდეს ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა, სასუნთქი აპარატები, ბოქსირებული განყოფილებები, ჩვეულებრივი საწოლები. თავად საწოლების რაოდენობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ადამიანურ რესურსს, რომელიც ამ საწოლებზეა მიმაგრებული. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეორე – ბოქსირებულ განყოფილებებს, მესამე ინტენსიური თერაპიის საწოლებს, რომლებიც აღჭურვილია როგორც შესაბამისი აპარატურით, ისე პერსონალით.

2თვის წინ, სამინისტრომ თქვა, რომ აქვთ 1200 კარგად აღჭურვილი რეანიმაციული საწოლი თავისი სუნთქვის აპარატით, მაგრამ იქიდან სრულფასოვანი მომსახურება, (ინტენსიური, სუნთქვის აპარატზე რომ არის მიერთებული) არის 600. იმის მერე როგორ შეიცვალა ციფრები, არ ვიცი, მაგრამ თუ 600 მაინც გვაქვს დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და შემდეგი 2 თვე ყველა მოდელირებით წესით უნდა გვეყოს“.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ოჯახის ექიმები პანდემიასთან ბრძოლის „ფრონტის წინა ხაზია“, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მათგანი იყოს მობილიზებული.

„სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭებათ ოჯახის ექიმებს, მართვას და მათ კარგ კოორდინაციას სასწრაფოს სამსახურებთან, 112-თან, რაც ასევე ჩადებულია პროტოკოლში. ამ მექანიზმს უკვე მესამე კომპონენტი დაემატება,- სასწრაფო, ოჯახის ექიმი და ახლა იქნება ასევე სადაზღვეოების ოჯახის ექიმები, რომლებიც იყვნენ პოლიკლინიკებში. ეს მნიშვნელოვანია და სწორია რომ მობილიზებული იქნებიან, მაგრამ  არ ველოდები რომ დიდი ადაპტაციის პერიოდი დასჭირდეთ, იმიტომ რომ უმეტესწილად,  განსაკუთრებით დიდ ქალქებში და რაიონებში ძირითადად ერთიდაიგივე ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო კომპანიას ეცოდინება თავისი როლი, როდის რა უნდა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ როცა მათ დაზღვეულს აქვს კოვიდი“.

ზოიძე ყურადღებას  ამახვილებს პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე, რასაც მისი განმარტებით, ასევე დიდი ყურადღება ექცევა დაავადების შემთხვევების პროგნოზირებისას:

„ყველაზე დიდი ინდიკატორი, რომელიც ამას განსაზღვრავს, არის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ატარებს პირბადეს მინიმუმ დახურულ შენობებში და თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის შეკავება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საუბარი იმაზე, რომ ჩაგვკეტეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეთ, რომლის ეფექტიც პირბადეების ტარებასთან შედარებით არის მარგინალური ჯანდაცვის კუთხით, არის დამღუპველი და დამანგრეველი ეკონომიკური კუთხით. თუ ეს არ იქნება გათვალისწინებული, გვექნება ისეთი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რომელსაც ყველაზე უფრო საუკეთესოდ მომზადებულმა ჯანდაცვის სისტემებმა, ვნახეთ, რომ ვერ გაუძლო და ჩვენიც ვერ გაუძლებს“, – ამბობს ზოიძე.

რამდენი კლინიკა, საწოლი, ექიმი და სასუნთქი აპარატია მობილიზებული – ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკა

16 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში სტატისტიკაზე ისაუბრეს, თუ რა რესურსები აქვს ამ ეტაპზე ქვეყანას პანდემიის სამართავად.

კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ სამედიცინო დაწესებულებაში კი მობილიზებილია 3 700-მდე საწოლი.

დღესდღეობით, საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

თბილისი – 18 კლინიკა, 1987 საწოლი; აჭარა – 11 კლინიკა, 731 საწოლი; იმერეთი – 10 კლინიკა, 644 საწოლი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2 კლინიკა, 190 საწოლი; შიდა ქართლი – 1 კლინიკა, 164 საწოლი; მცხეთა-თიანეთი – 1 კლინიკა, 111 საწოლი; გურია – 1 კლინიკა, 21 საწოლი.

ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია 1253 სასუნთქი აპარატი. ქვეყნის მასშტაბით  გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი და ასევე გადამზადებლია 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა ასევე ქვეყნის მასშტაბით 2 044-ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდდადებითი პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდსასტუმრო.

მისივე თქმით, საწოლფონდის რაოდენობა ქვეყანაში იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 17 400-ზე მეტი საწოლია, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის – 2 290.

ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990  ექიმი, მათ შორის  500-მდე ინფექციონისტი, 1400-ზე მეტი რეანიმატოლოგი, ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია.