სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებული იყო - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ-პოლონური საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებული იყო.

„კრწანისის” სასროლეთზე სადემონსტრაციო ფრენას საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.

„FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს  რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.