საძაგლიშვილი: საზღვარგარეთ ყოფნა რომ სდომებოდა, ბუნებრივია, საქართველოში არ დაბრუნდებოდა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – რას ფიქრობს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობაზე.

„მიხეილ სააკაშვილი იყო ჯანმრთელი და იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა კომფორტული ცხოვრებით და მიუხედავად ამისა, მან დაბრუნება გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ქართველი ხალხის გვერდზე ისტორიულ მომენტში. იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიისა და პროდასავლური ორიენტაციის შენარჩუნებაში დახმარებოდა. შესაბამისად, ეს არის მისი არჩევანი და არა საზღვარგარეთ ყოფნა. მას რომ საზღვარგარეთ ყოფნა სდომებოდა ბუნებრივია არ დაბრუნდებოდა საქართველოში. ამ რისკების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლე გასწირა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო შეფასება 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, მას სჭირდება მკურნალობა. ცენტრის წარმომადგენლები საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე საჯარო განცხადებებში ხშირად საუბრობენ.