საელჩოები და საგარეო უწყებები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს ეხმაურებიან - განახლებადი

პუბლიკა

აგვისტოს ომის მე-18 წლისთანვთან დაკავშირებით სხვადასხვა საელჩომ, წარმომადგენელმა და საგარეო უწყებამ განცხადებები გაავრცელეს.

მასალა განახლებადია

აშშ-ის საელჩო

„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“;

ელინა ვალტონენი – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – დაწერა ელინა ვალტონენმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“.

მინისტრი ბაიბა ბრაჟე: „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“.

პოლონეთის საელჩო

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა

„18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რითაც გამოავლინა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობა.

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ვგმობთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“.

ნორვეგიის საგარეო უწყება

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება.

საქართველოში, ისე უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

სლოვენიის საგარეო უწყება

„2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. 18 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

სლოვენია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის სრული პატივისცემის საფუძველზე შეიძლება აშენდეს“.

ლიეტუვის საგარეო უწყება

„18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განახორციელა.

ლიეტუვა გმობს ამ რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“;

საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია

„7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა. 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაოეროს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას.

2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.

შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება” კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების” (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“.

ანდრიი სიბიჰა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თვრამეტი წლის წინ, რუსულმა ძალებმა სასტიკი იერიში მიიტანეს სუვერენულ საქართველოზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, რაც მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილი იყო, მიმართული სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებისკენ.

2008 წლის აგრესიამ და საქართველოს მიწების ოკუპაციამ, ისევე როგორც დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ, პირდაპირ გაუკაფა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინა რჩება მტკიცე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს მივიღებთ რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას, და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც სადაც კი მიდის მიაქვს მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევები.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, გაატაროს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული პასუხისმგებლობა რუსულ დანაშაულებზე. ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა მოითხოვს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას.“

განცხადება გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც.

„18 წლის წინ რუსულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს სუვერენული ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ბრუტალურად დაარღვიეს რა საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს წესდების დებულებები.

2008 წლის შეიარაღებული აგრესია ასობით დაღუპული და ასობით ათასი დევნილი, საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ე.წ. „ბორდერიზაცია“, იძულებითი პასპორტიზაცია და მკვიდრი მცხოვრებლების გამოდევნა – ეს ყველაფერი მოსკოვის ერთიანი იმპერიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნებისა და ხალხების დამორჩილებისა და განადგურებისკენ.

„რუსულმა სამყარომ“ ქართულ მიწას მოუტანა სიკვდილი, ნგრევა, უუფლებობა და სიღარიბე – ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც კი ის ფეხს ადგამს. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც ოდესღაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა პროქსიმ დეპრესიულ ზონად აქციეს, სადაც უხეშად ილახება ადამიანის უფლებები.

2008 წლის აგვისტო გარდამტეხი მომენტი გახდა უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი, კონსოლიდირებული და ძლიერი რეაქციის არარსებობამ მხოლოდ გაუღვივა მადა რუს ოკუპანტს და პირდაპირი გზა გაუკაფა 2014 წელს უკრაინული ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას, ხოლო მოგვიანებით – უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.

რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების თანმიმდევრული მცოცავი შთანთქმისა და ანექსიის ნათელი დადასტურება გახდა 2026 წლის 9 მაისს ცხინვალში ხელმოწერილი ე.წ. „შეთანხმება მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ კრემლსა და მის მარიონეტულ რეჟიმს შორის.

უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ქართული მიწის ოკუპაციას და მივყვებით ამ პოლიტიკას მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი საბოლოოდ არ დატოვებს ტერიტორიას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. აგრესიის მსვლელობისას ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ, ხოლო რუსი დამნაშავეები ეროვნული და საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენის პირობებში.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, გაფართოვდეს სანქციები და გაერთიანდეს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიის დანაშაულისთვის, ხოლო რუსი დამნაშავეების – ყველა შემდგომი მხეცობისთვის პასუხისგებაში მისაცემად.“

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„დღეს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს“;

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები

„თვრამეტი წლის წინ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით რუსეთი შეიჭრა და  საქართველოს რეგიონების – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორები საქართველოს საკითხებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ“, – წერია საბინა ჩუდიჩისა და ედით ესტრელას საერთო განცხადებაში.

NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი

„8 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო.

NATO ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

ჩვენი პარტნიორობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის – დაფუძნებული პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, განპირობებული მდგრადობისა და სტაბილურობისადმი მუდმივი ერთგულებით და მტკიცედ ორიენტირებული მომავალზე“;

ევროკავშირის პრესსპიკერი

„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 18 წელი შესრულდა. ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა და ქმედებები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე უკანონოა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში. მოსკოვსა და ცხინვალს შორის 9 მაისს ხელმოწერილ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას, ისევე როგორც რუსეთის თანამდებობის პირის სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშვნას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.

18 წლის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა, ადამიანების უფლებები ირღვევა, მათ შორისა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავებებია. იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშემშლელი დაბრკოლებები ისევ არსებობს.

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის როლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე საქმიანობისა და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) – უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და შემდგომი, 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული შესრულების მისაღწევად“,- ნათქვამია განცხადებაში.