აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, – აცხადებენ საელჩოში.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.