2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო – ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებსა და მათ საფრთხეებზეა, „მწვანე ალტერნატივის“ მაგალითიც მოხვდა.
„მწვანე ალტერნატივა“ წერს, რომ რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ორი შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაცია სცადა.
ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას მოჰყვა, მეორე კი 2012 წელს მოხდა, როცა „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
გთავაზობთ „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებას:
„2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო – ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.
კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს, “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.
ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.
ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რადიკალური ჯგუფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“.
კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო. საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა.
ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“.
პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს – 207. ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა“, – წერს „მწვანე ალტერნატივა“.