„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ავრცელებს განცხადებას სახელწოდებით „დემოკრატია რისკის ქვეშ: საქართველო სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიდის.
საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს, რომ „ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ზომები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობას, იმუშაოს დამოუკიდებლად და შეასრულოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში სასიცოცხლო როლი.
TI ამ შეფასებით ეხმაურება უნებართვო გრანტების აკრძალვის კანონპროექტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ, 16 აპრილს მიიღებს.
„ეს განვითარება ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ ვარდნას, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების კონსოლიდაციით გამოირჩევა. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, კორუფცია ინსტიტუციონალიზებული გახდა, რამაც დაასუსტა კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა. მმართველი პარტია ახლა სამიზნეში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” მკაცრად გმობს ამ ზომებს და გვერდში უდგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კორუფციასთან საბრძოლველად და სამართლიანობის წინ წასაწევად თავისუფლად ოპერირების საშუალება უნდა ჰქონდეს. წლების განმავლობაში ის ააშკარავებდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციას, და არჩევნების მანიპულაციას – და შედეგად, მუდმივად სამიზნეში იყო ამოღებული. დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს რეპრესიული კანონები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მსგავსი ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული.
საკანონმდებლო ცვლილებების ეს წინადადებები შეუსაბამოა დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ვალდებულებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია, როგორც ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომები, ისინი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობის საკვანძო საყრდენების – საჯარო ზედამხედველობისა და სამოქალაქო მონაწილეობის – სასტიკად შემცირების რისკს შეიცავს. დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისადმი წვდომის შეზღუდვა ძირს უთხრის ანტიკორუფციულ ძალისხმევებს და ქმნის გარემოს, რომელშიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შემოწმების გარეშე შეუძლია აყვავება”, – ნათქვამია განცხადებაში.