ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკისა და მის მიმდებარედ 190 ჰექტრამდე ტერიტორიის რუსეთის სარგებლობაში გადაცემაზე შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერაშორისო საზოგადოებას ამ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანის მიერ რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო არსებული ტერიტორიის, სანაპიროსა და საზღვაო სივრცის რუსეთისთვის განსაკარგავად გადაცემას ითვალისწინებს.
როგორც „ეხო კავაკაზა“ წერს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 19 იანვარს რუსეთის ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის მფლობელობაში გადადის, მის გარშემო 190 ჰექტრამდე მიწას და აგარაკის საზღვაო სივრცეს კი რუსეთი 49-წლიანი იჯარით იღებს. თუმცა, შეთანხმების შესახებ აფხაზური საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ბიჭვინთის მისთვის გადაცემას რუსეთი 1995 წლიდან ცდილობს, მაგრამ აქამდე მთლიანი კურორტი ვერ მიიღო.