საერთაშორისო წნეხმა ოლიგარქი აიძულა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის ერთიანობამ და საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა, პოლიტიკური პატიმრები გაეთავისუფლებინა.

„ქართული ოცნება“ წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, პირადი მძევლები: გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. არ ვიქნები მართალი, თუ სიმართლეს ბოლომდე არ ვიტყვი, რომ ალბათ, საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში გამოიჩინა.

სწორედ ქართული ოპოზიციის თანმდიმდევრულობამ და ერთიანობამ, ასევე ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ოლიგარქი აიძულა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები. ეს მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არცერთი გადადგმულ ნაბიჯისას აღარ იქნება მარტო“, – ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია  ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას. მისი თქმით, როცა ქვეყნის მთავარი პარტნიორი, სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკოსები ოლიგარქს უკვე ღიად ბრალს სდებენ და კორუფციასა და რუსეთთან კავშირში ამხელენ, ეს არ არის ქვეყნისთვის გასახარი საქმე.

სენატორების წერილი – შეშფოთებულნი ვართ საქართველოს კავშირით ამერიკის მტრებთან