საევაკუაციო სამუშაოებისას რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაშავდა 9 ადამიანი

პუბლიკა

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშინ, როცა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ, რუსებმა ქალაქი დაბომბეს. დაშავდა მინიმუმ 9 ადამიანი.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, დაშავებულებს შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი, პოლიციელი, ექიმი და გერმანელი მოხალისეც არიან.

„ერთ-ერთი დაშავებული მძიმე დაზიანებებით რეანიმაციაშია და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – განაცხადა პროკუდინმა.

დაბომბვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაზარალებული რეგიონი მოინახულა და სამაშველო სამუშაოებს გაეცნო. ხერსონის ოლქში, უკრაინის კონრტროლირებად ტერიტორიაზე ათასობით ადამიანისა და ცხოველის გამოყვანას ცდილობენ იმ ადგილებიდან, რომლებიც კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ დაიტბორა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მდინარე დნეპრზე კახოვკის კაშხალი რუსებმა ააფეთქეს. კაშხალს გასული ერთი წლის განმავლობაში სწორედ ოკუპანტები აკონტროლებდნენ.