საფარი: არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე სააპელაციომ პოლიციელი დამნაშავედ ცნო - მას 2 წელი მიესაჯა

პუბლიკა

უფლებადამცვველი ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვნის ადევნების ბრალდებით დააკავეს, დამნაშავედ ცნო – მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„საფარის“ ცნობით, საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვნის მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, ასევე არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ შეხებას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

„ამ ქმედებების შედეგად ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა, აღარ გადაადგილდებოდა იმ სივრცეებში, სადაც შეიძლებოდა მოძალადეს შეხვედროდა.

ბავშვის ეს გამოცდილება ცნობილი იყო მისი მეგობრებისა და მასწავლებლისთვის, რომლებმაც, ასევე, სრული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას“, – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას პოლიციელი დააკავეს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, თუმცა 29 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებული გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„საფარის“ ცნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ყველა ის შემთხვევა, რომელსაც არასრულწლოვანი ყვებოდა, თუმცა მოსამართლის შეფასებით, ეს მხოლოდ „ამორალური ქმედებები” იყო და არა დანაშაული.

საქმეში ჩართული იყო „საფარის“ იურისტი მარი ვარამაშვილი.