საფარი: გაეროს კიდევ ერთმა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის არგაცემაზე

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარის“ ცნობით, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა წარმოებაში მიიღო „საფარის“ და ბენეფიციარის, გ.გ.-ის განაცხადი.

ანუ, ორგანიზაციის ცნობით, ამ კომიტეტმაც გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს მოსთხოვა, სასამართლოს ბრძანების აღსრულებისას არ დაუშვას მესამე პირებისთვის, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბენეფიციარ გ.გ-ს  პირადი ინფორმაციის გადაცემა.

ორგანიზაციის ცნობით, ეს დროებითი ღონისძიება მიმართულია “საფარის” მიმართ დაწყებული რეპრესიული ქმედებების აღსრულების შესაჩერებლად.

ივნისში ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით,  კორუფციის შესახებ კანონით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონითა და გრანტების შესახებ კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოსცეს ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვაზე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბიურო ორგანიზაციებისგან ითხოვს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა გამომდინარეობს ხელშეკრულების მიზნებიდან; კორესპონდენცია და ა.შ.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა ინფორმაცია, მათ შორის, „საფარის“ ბენეფიციარებზე — ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე არსებული პერსონალური მონაცემები: სახელები, გვარები, პირადი ნომრები, ფოტოები, საბანკო და სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა.

„გაეროს ბავშვთა კომიტეტმა“ ივლისში უკვე გამოიყენა დროებითი ღონისძიება, რომელმაც დაიცვა „საფარის“ ბენეფიციარი ბავშვების ინტერესები.

„საფარის” შეფასებით, „გაეროს ქალთა კომიტეტის“ მიერ მიღებული ანალოგიური შინაარსის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან პერსონალური მონაცემების გამოთხოვნა შეუსაბამოა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან”.

„გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება საფარისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა გააგრძელოს ქალებისა და ბავშვების ძალადობისგან დაცვა და დახმარება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას ქვეყნის შიგნით და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს ჩვენი ბენეფიციარი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.