NGO-ები: ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 17 ივნისს „რუსული კანონების” აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

NGO-ები ამბობენ, რომ არ აპირებენ პერსონალური მონაცემების გაცემას, „თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.

მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო 5 არასამთავრობო ორგანიზაციისგან მოითხოვს ინფორმაციის გაცემას.

„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს.

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ NGO-ები.

ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით,  კორუფციის შესახებ კანონით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონითა და გრანტების შესახებ კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოსცეს ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვაზე.

სასამართლომ ბიუროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბიუროს მიერ მოთხოვნილია კომერციული ბანკებისგან 2024 წლის 1 იანვირდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით განხორციელებული ყველა ტრანზაქცია, ორგანიზაციებისგან  ამავე პერიოდში – ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები; ყველა ტიპის ხელშეკრულება/შეთანხმება; ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში დადებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია; ბენეფიციარების, მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა გამომდინარეობს ხელშეკრულების მიზნებიდან; კორესპონდენცია და ა.შ.

„ნეტგაზეთთან“ იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ მოსამართლეთა მიერ ხელმოწერილ ბრძანებებში, რომელიც ორგანიზაციების მიუვიდათ, ინფორმაციის გამოთხოვის ფაქტობრივი საფუძველი და მიზანი მითითებული არ არის. ამიტომაც, ორგანიზაციებმა სასამართლოდან გამოითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ განჩინება/ ბრძანება მიიღო.

იურისტი ვარაუდობს, რომ ბიუროს წერილში უნდა იყოს აღწერილი რატომ ითხოვენ ინფორმაციას და რა შუაშია მითითებულ კანონებთან მათი შუამდგომლობა.

ორგანიზაციებისთვის ბუნდოვანია ისიც რატომ ითხოვს ბიურო ბოლო 17 თვის ინფორმაციას. მოსამართლის ბრძანებაში მითითებული კანონების მიღების და ძალაში შესვლის თარიღებს მოთხოვნილი ინფორმაციის პერიოდი არ ემთხვევა.

„პუბლიკა” დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ბიუროსაც. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.