„საფარი“: იოსებ სიგუას დაცვის მხარე ცდილობს, დაჩრდილოს მსხვერპლის 13-წლიანი ძალადობრივი გამოცდილება

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარი“ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას საქმეს განცხადებით ეხმაურება.

„საფარი“ სამართლებრივ დავაში იოსებ სიგუას ცოლის, სოფო სიგუას წარმომადგენელია. სოფო სიგუა ქმარს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ამხელს.

ორგანიზაცია წერს, რომ იოსებ სიგუა და მისი ადვოკატები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქმე ქონებრივ დავას ეხება.

„ამგვარი ცრუ ნარატივით დაცვის მხარე ცდილობს დაჩრდილოს და მეორეხარისხოვანი გახადოს მსხვერპლის 13-წლიანი ძალადობრივი გამოცდილება, რაც სოფია სიგუას დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმანცია და თავი შეიკავონ ცალმხრივი გაშუქებისგან“, – აცხადებს „საფარი“.

ორგანიზაცია განცხადებაში ქრონოლოგიურად მიმოიხილავს იმ სამართლებრივ ნაბიჯებს, რომლის შედეგადაც იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური ძალაში დარჩა:

„2026 წლის 8 ივლისს საფარს სოფია სიგუამ მიმართა, რომლის მეუღლეც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მასზე 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.

საქმეში საფარის იურისტი თამარ ლუკავა ჩაერთო და იმავე დღეს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პარალელურად, სოფია სიგუა, 112-ს დაუკავშირდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა. თუმცა, 9 ივლისს, ოთხი განხორციელებული ზარის მიუხედავად, სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. მეტიც, გაირკვა, რომ ორდერის მოთხოვნის შესახებ უკვე თავად იოსებ სიგუამაც გაიგო.

10 ივლისს დაზარალებულმა საფართან ერთად კვლავ მიმართა 112 და შსს-ს გენერალურ ინსპექციას, უწყებამ მსხვერპლის მონაწილეობით რისკის შეფასების კითხვარი შეავსო, რამაც, არსებული რისკების გათვალისწინებით, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საჭიროება გამოავლინა.

საჭირო პროცედურა საღამოს 8 საათზე დასრულდა, თუმცა ქალი სპეციალური აპარატის დამონტაჟებას კიდევ 5 საათის განმავლობაში ელოდა. შსს-ში დარეკვისას მას პასუხობდნენ, რომ გარკვეულ პროცედურებსა და მოძალადესთან დაკავშირებას დრო სჭირდებოდა. გვიან ღამით, უკვე 11 ივლისს, ელექტრონული ზედამხედველობის აპარატი ამოქმედდა.

იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პროტოკოლის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართა. 12 ივლისს გამართულ სხდომაზე, სოფია სიგუას ინტერესებს საფარის იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა, რომელმაც სასამართლოს დასაბუთებული პოზიციით მიმართა და შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა. სასამართლომ საფარის პოზიცია სრულად გაიზიარა და მოთხოვნა 1 თვის ვადით დააკმაყოფილა“, – აცხადებს „საფარი“.

იოსებ სიგუამ კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 11 ივლისს დატოვა.


იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში სიგუას ცოლი, სოფიო სიგუა, ჰყვება, რომ ბავშვები დაზაფრულები არიან და ეშინიათ, დედა არ მოუკლას მამამ. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

„როგორ შეიძლება, ჩინოვნიკმა დაჩაგროს ცოლი. ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მუდამ და ვიყავი ჩუმად. ადამიანი ცოლს ასეთი სისასტიკით ექცევა, ის გარეთ რას იზამს. ჩემთან ისეთი არაადეკვატური სასტიკი სახით იბრძოდა და მისწორდებოდა, რომ სულ ვეუბნებოდი – დაკავებული ხომ არ ვარ, ასე რატომ მისწორდები. ყოველთვის მემუქრებოდა – იქნები გაუხსნელი მკვლელობა.

მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა. ამის კადრებიც მქონდა, მაგრამ თვითონ წამიშალა ეს კადრები. თან ვფიქრობდი, იარაღით მაინც მოვეკალი, ეს ფრენა რაღატომ უნდა მასწავლოს. ამას რომ აირჩევ ადამიანი, ეს არის საშინელება. ყოველთვის თავს იზღვევდა, ტელეფონს მართმევდა და მერე იწყებოდა რინგი. როგორც დაკავებულს, თავში მირტყამდა მუშტს. ეს იციან კარგად, როგორ არ უნდა დაგემჩნეს ცემის კვალი.“ – ამბობს სოფიო სიგუა.

სიუჟეტის მიხედვით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მეუღლემ 2026 წლის თებერვალში გაბედა. იოსებ სიგუას 2026 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. სოფიო სიგუა ამბობს, რომ გაიმართა სასამართლო სხდომაც, რომელზეც, სოფიო სიგუას თქმით, მოსამართლემ მოისმინა მასზე ძალადობის ფაქტები.

მისივე თქმით, ამ დანაშაულების შესახებ გენერალურ ინსპექციასაც აცნობა. სიუჟეტის მიხედვით, იოსებ სიგუასთან შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან 2 კვირის თავზე გარიგება მოითხოვა. გარიგება შედგა და 2026 წლის 4 მარტით თარიღდება. სოფიო სიგუა ამბობს, რომ მასზე წნეხი იყო და აიძულეს, დასთანხმებოდა გარიგებას.

გარიგების თანახმად, თუ სოფიო სიგუა თბილისის საქალაქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებას გამოიტანდა და ასევე, თუ 2026 წლის 21 თებერვალს იოსებ სიგუას წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდენი გაუქმდებოდა, თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება თანასაკუთრებაში გადაფორმდებოდა.

სოფიო სიგუას თქმით, შეთანხმებიდან 3 თვეში იოსებ სიგუამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე, მოითხოვა გარიგების გაუქმება და სოფიო სიგუასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებაც.