საფოსტო ბარათები ქვიარ ადამიანების პრობლემებზე

პუბლიკა

ჰომოფობია სამუშაო ადგილზე, ჰომოფობია საგნმანათლებლო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის უფლება, შრომის უფლება, საცხოვრისის უფლება, მწვანე პოლიტიკა – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ქვიარ ასოციაცია „თემიდას“ საფოსტო ბარათებზე წაიკითხავთ. ბარათებზე ასევე ნახავთ დავით სიმონიას ილუსტრაციებსაც.

პროექტის ავტორი ბექა გაბადაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ეს ბარათები მათთვისაა, ვისაც თანასწორობის იდეა ესმის ან უფრო მეტად უნდა, რომ გაიგოს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ბარათებზე გადმოგვეცა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც გვაქვს და გვჯერა, რომ თუ ეს პრობლემები მოგვარდება, თანასწორ გარემოს ხელი შეეწყობა. ეს არის ათი ყველაზე მწვავე თემა, რომელიც ქვიარ პოლიტიკის დღის წესრიგში დგას და ათივე მიმართულებაზე „თემიდას“ ახალ სტრატეგიაში არის საუბარი“,  – ამბობს ბექა გაბადაძე.

მისივე  თქმით, ბარათები უფასოდ გავრცელდება უნივერსიტეტებში, ქვიარ ღონისძიებებზე, სამოქალაქო საზოგადოების შეკრებებსა და პარტნიორებთან.

„საქართველოში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებაზე. უნივერსიტეტების სასწავლო მასალები სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ და სექსისტურ ტექსტებს შეიცავს. შენ გაქვს უფლება, მიიღო მეცნიერული ცოდნა სხეულის, სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ!“

„არასტაბილური, დაბალანაზღაურებადი, უკონტრაქტო სამსახურები ქვიარ ახალგაზრდების ყოველდღიურობაა. აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომასთან ერთად, არასოდეს იცი, როდის გაგიშვებენ სამსახურიდან. მძიმე სამუშაო პირობების გამო ჯანმრთელობის პრობლემებია. მოითხოვე კონტრაქტი და ღირსეული, უსაფრთხო შრომის პირობები!“

„უნიქორნი ინტერსექსუალობის სპექტრის სიმბოლოა. ინტერსექსი ადამიანები იბადებიან ქრომოსომებით, ჰორმონებით, გენიტალიებით და სხვა სქესის მახასიათებლებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ მდედრობითი და მამრობითი სქესის მახასიათებლებში არ ჯდება. მშობლები ან სამეცინო პერსონალი ხშირად ადრეულ ასაკში უხეშად ერევა ინტერსექსი ადამიანების სქესის განსაზღვრაში და მათ ორობით სისტემაში მოქცევას ცდილობს. ინტერსექსი ადამიანები საჭიროებენ ხილვადობას!“

„მსოფლიო რესურსების უმოწყალო მოხმარება, ქალაქის ბეტონიზაცია, ჯენტრიფიკაცია, ჰაერის მასიური დაბინძურება – ამ გარემოში ცხოვრება სტრესული და სიცოცხლის\თვის საშიში ხდება. ქვიარები ვერთიანდებით მწვანე ალტერნატივის, რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარების, ტყეებისა და პარკების გაშენების, საჯარო მწვანე ტრანსპორტის, ქალაქის მწვანე დაგეგმარების, სათბური გაზების შემცირების მოთხოვნით.“

„ყველა მოქალაქეს იცავს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. არადისკრიმინაციული სერვისი, მომსახურება და დასაქმება ტრანსგენდერ ქალებს!“

 

„საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. უამრავი ქვიარ ახალგაზრდისთვის დიდ ქალაქებში მიგრაცია ჰომოფობიური გარემოსგან თავის დაღწევის საშუალებაა. ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საბინაო პოლიტიკა,რომელიც ხელმისაწვდომს გახდიდა საცხოვრებელს. ოჯახისგან უარყოფილი ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად თავშესაფრის გარეშე რჩებიან. შესაბამისი სახელმწიფო თავშესაფრები და მხარდამჭერი სერვისები არ არსებობს.“

LB loan image desktop LB loan image mobile