საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, მათი შეთავაზებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გიორგი თაბაგარის კანდიდატურა შერჩეულ იქნა როგორც მომავლის პერსონა საქართველოსთვის.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგი თაბაგარი – Tbilisi Pride-ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ასევე ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს”, – ვკითხულობთ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.